ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის შვილი, ელიზავეტა პესკოვა, მის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს დაუსაბუთებელსა და უსამართლოს უწოდებს. ამის შესახებ მან Business Insider-თან ისაუბრა.
პესკოვა აცხადებს, რომ მას უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია, შესაბამისად უკვირს ის შეზღუდვები რაც მასა და მის ძმას დაუწესეს.
„ეს მე აბსოლუტურად უსამართლოდ და დაუსაბუთებლად მეჩვენება. მე გამიკვირდა, რადგან უცნაურია დაუწესო სანქციები ადამიანს, ვინც 24 წლისაა და სიტუაციასთან არანაირი კავშირი აქვს“ - აცხადებს პესკოვის შვილი.
ლიზა პესკოვას თქმით, სხვა რუსებისგან განსხვავებით სანქციები მის ფინანსურ მდგომარეობაზე გავლენას ვერ მოახდენს, თუმცა ის განაწყენებულია მოგზაურობაზე მისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო.
„მე განაწყენებული ვარ, რადგან მიყვარს მოგზაურობა, მიყვარს სხვადასხვა კულტურა. მე მსოფლიოს მოქალაქე ვარ და ამას ვერ შევცვლი“ - აცხადებს ის.
პესკოვა აცხადებს, რომ არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ყველგან მშვიდობის მომხრეა, თუმცა ინტერვიუში უკრაინაში რუსეთის დაწყებული ომის შესახებ საუბარზე უარი თქვა.
„მე მხოლოდ სანქციებზე შემიძლია ვისაუბრო და ის ვთქვა, რასაც ახლა ვგრძნობ და ვფიქრობ სანქციებზე“ - აცხადებს ის.
აღსანიშნავია, რომ Business Insider-ის ინფორმაციით, ელიზავეტა პესკოვამ ომის დაწყებისას ინსტაგრამის Stories-ში დაწერა "არა ომს", თუმცა შესაბამისი მასალა გვერდიდან მალევე წაშალა.
სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე ბოლო პოსტში პესკოვას საკუთარი ტელეგრამის არხი აქვს მითითებული, სადაც რუსეთში აპლიკაციის გაუქმების შემდეგ გადავიდა.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის ცოლისა და ზრდასრული შვილებისთვის სანქციების დაწესების შესახებ 11 მარტს განაცხადა.
დიმიტრი პესკოვის ცოლი მოციგურავე ტატიანა ნავკაა. პესკოვს 5 შვილი ჰყავს, მათგან 2 ზრდასრულია.